საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა, თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა მიმდინარე წლის 21-23 მარტს გაიმართა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და ჟურნალისტებს დოკუმენტში ასახული ძირითადი თემები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
„შეხვედრაზე 2024 წლის განმავლობაში სამოქალაქო, პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, მათ შორის, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების დაცვის მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს შეკრებების გაშუქების სტანდარტებზე, ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვის და ინფორმაციის თავისუფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით შეაფასეს გასულ წელს მიმდინარე საპროტესტო აქციები, განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა დაკავებულთა მოძიების/მონახულების და დაშავებულთა მდგომარეობის დოკუმენტირების კუთხით.
ასევე, იმსჯელეს პატიმართა, განსაკუთრებით, უვადო თავისუფლება აღკვეთილი პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
